საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. კოდი N1
მიმდინარესაერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის თანადაფინანსება.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისათვის, რა დროსაც გამოფენის მონაწილეებს ეძლევათ საშუალება დაამყარონ ბიზნესისათვის საჭირო კონტაქტები, შეიძინონ ახალი გამოცდილება და მოახდინონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია.
პირველი კომპონენტის პოტენციური ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები:
პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში/ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი და ის უნდა იყოს „აწარმოე საქართველოში“ ან „სოფლის განვითარების სააგენტო"-ს“ მიმდინარე პროგრამის გამარჯვებული. ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისათვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.
პროგრამის პირველი კომპონენტის ბენეფიციარს, რომელიც იქნება „აწარმოე საქართველოში“ ან „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მიმდინარე პროგრამის გამარჯვებული, პალატა დაუფინანსებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისათვის
1.მგზავრობის
2.განთავსების ხარჯებს
3.სტენდის თანადაფინანსების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დაფინანსება განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წელს პალატისათვის გამოყოფილი სახსრების ნაწილიდან „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. დაფინანსება თითოეულ მეწარმე სუბიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, რა დროსაც ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს „აწარმოე საქართველოში“ ან „სოფლის განვითარების სააგენტო"-ს მიმდინარე პროგრამის გამარჯვებულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბენეფიციარი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციის ფორმებში ავსებს ფორმა N1-ს ( "ჩვენს შესახებ" მენიუში განთავსებულია აპლიკაციის ფორმები) და ქვემოთ დანართის სახით მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად აგზავნის ელექტრონული ფორმატით პალატის ელ. ფოსტაზე: info@abkhcci.ge ან აბარებს სსიპ „აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატა“-ს მატერიალური ფორმით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი #16, სართული 3.
დანართის სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი (სავალდებულო);
- დევნილის მოწმობის ასლი (სავალდებულო);
- სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: ინდმეწარმე; შპს; სააქციო საზოგადოება; მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე და სხვა (სავალდებულო);
- ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან (სავალდებულო);
- გადასახადის გადამხდელის მოწმობა;
- ცნობა იმის თაობაზე, რომ ბენეფიციარი არის „აწარმოე საქართველოში“ ან „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მიმდინარე პროექტის გამარჯვებული ან ზემოაღნიშნულ სააგენტოებთან გაფორმებული მიმდინარე ხელშეკრულება (სავალდებულო)
გამოფენაში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები (სავალდებულო):
1.მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტი- ბილეთი
2.სასტუმროში განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი
3.სტენდის ქირაობის (გადახდილი თანხის) „აწარმოე საქართველოში“ან„სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მხრიდან თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის, ფოტო/ვიდეო მასალის და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა.