საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა
მიმდინარესსიპ "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა"
პროგრამა: მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა
პირველი კომპონენტის დასახელება: საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა
პროგრამის მიზანი
პროგრამის პირველი კომპონენტის მიზანია - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი გამოცდილების მიღება და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
პროგრამის განხორციელება
“მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის“ პროგრამა განხორციელდება 2026 კალენდარული წლის განმავლობაში.
პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი
პროგრამის პირველი კომპონენტის პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს -სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს საერთაშორისო ღონისძიებებში ინდივიდუალური მონაწილეობის მხარდაჭერის ( ექსპო გრანტის პროგრამის) ან/და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი, ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი ან „ მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50 % ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მქონე პირი.
პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
პროგრამის დაფინანსება განხორციელდება რიგითობის პრინციპით, პროგრამისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების სრულ ამოწურვამდე. რიგითობა განისაზღვრება პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული განაცხადების მიღების თარიღისა და დროის მიხედვით.
დაფინანსების მისაღებად სრული დოკუმენტაციის წარმოდგენის საბოლოო ვადაა მიმდინარე წლის 10 დეკემბერი.
დაფინანსების პირობები
პირველი კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარს დაუფინანსდება მის მიერ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები, კერძოდ:
- მგზავრობის საფასური
- განთავსების საფასური
- სტენდის ქირავნობის თანადაფინანსების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების დაფინანსება განხორციელდება თითოეულ ბენეფიციარზე არა უმეტეს ორი პირისთვის.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ბენეფიციარის მიერ ერთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის შემთხვევაში, ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსება განხორციელდება არა უმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რა დროსაც მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს გამოფენის დაწყებამდე ორ დღესა და გამოფენის დასრულებიდან ორ დღეს.
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი, მონაწილეობს ორ საერთაშორისო გამოფენაში და გამოფენებს შორის ინტერვალი არ აღემატება 5 კალენდარულ დღეს, პალატის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება არა უმეტეს 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს პირველი გამოფენის დაწყებამდე ორ დღესა და მეორე გამოფენის დასრულებიდან ორ დღეს და ერთი განაცხადი უნდა მოიცავდეს ორივე გამოფენის შესახებ ინფორმაციას.
განაცხადის მიღების ფორმა
პროგრამის პირველი კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.
ბენეფიციარი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ავსებს განაცხადი C1-ის შესაბამისად სააპლიკაციო ფორმას ( სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ პალატის ვებ. გვერდის "ჩვენს შესახებ" მენიუს ჩამოშლისას ) და დანართის სახით მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად აგზავნის ელექტრონული ფორმატით პალატის ელ. ფოსტაზე: info@abkhcci.ge
ბენეფიციარის მიერ დანართის სახით წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დევნილის მოწმობის ასლი; შპს-ს შემთხვევაში 50%-იანი და მეტი წილის მფლობელი პირის დევნილის მოწმობის ასლი;
3. ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან;
4. ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან;
5. სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საერთაშორისო ღონისძიებებში ინდივიდუალური მონაწილეობის მხარდაჭერის ( ექსპო გრანტის) პროგრამის ან/და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
6. საბანკო რეკვიზიტები;
7. იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამშრომლის/ თანამშრომლების სახით, ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული თანამშრომელი/თანამშრომლები კომპანიაში დასაქმებულნი იყვნენ განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ სამი თვით ადრე.
თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადი და დოკუმენტაცია არ შეესაბამება პირველი კომპონენტის პირობებს, ამის თაობაზე ეცნობება ბენეფიციარს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. პალატისაგან ინფორმაციის მიღების შემდგომ, პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია თავიდან შემოიტანოს პროგრამის პირობების შესაბამისად განსაზღვრული განაცხადი და დოკუმენტაცია, რომელსაც მიენიჭება რიგითობის ახალი ნომერი.
დაფინანსების სქემა
ბენეფიციართან ხელშეკრულება გაფორმდება გამოფენაში მონაწილეობის დაწყებამდე. დაფინანსების განხორციელება მოხდება, მხოლოდ მისი საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღების შემდგომ, პროგრამის პირველი კომპონენტის პირობებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
გამოფენაში მონაწილეობის შემდგომ, დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
1.მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტი-(ბილეთები) და მგზავრობის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2.სასტუმროში განთავსების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - სასტუმროს ინვოისი ან სხვა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი;
3.საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარის მიერ სტენდის ქირავნობის (გადახდილი თანხის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საერთაშორისო ღონისძიებებში ინდივიდუალური მონაწილეობის მხარდაჭერის პროგრამის (ექსპო გრანტის პროგრამა) ან/და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის პროგრამის ცნობა, რომელშიც მითითებულია ბენეფიციარის მიერ გადასახდელი სტენდის ქირავნობის თანადაფინანსების თანხის ოდენობა.
5.ღონისძიებაში მონაწილეობის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა.
იმ შემთხვევაში თუ პროგრამით გათვალისწინებული მგზავრობის, განთავსებისა და სტენდის ქირავნობის დასაფინანსებლად მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან, რომელიმე არ შეესაბამება მოთხოვნილ პირობებს, პალატა დააფინანსებს მხოლოდ იმ კომპონენტის ნაწილს, რომელიც შეესაბამება პროგრამის პირობებს.
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა და განახორციელოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გადამოწმება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება/თანადაფინანსება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა „გრანტად“ და მასზე არ ვრცელდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათები.