03/11/2026
შავი ზღვის თაფლის ფესტივალი-2026
20-21 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, შავი ზღვის თაფლის ფესტივალი გაიმართა, რომელმაც მეფუტკრეობის სფეროს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობა მისცა.
ფესტივალს ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, ფესტივალზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მონაწილეობა უზრუნველყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ დევნილი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი თაფლისა და მეფუტკრეობის მრავალფეროვანი პროდუქცია, ასევე უნიკალური ხელნაკეთი და სასუვენირო ნაწარმი.
„შავი ზღვის თაფლის ფესტივალი“ ტრადიციულად აერთიანებს მეწარმეებს მთელი საქართველოდან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციაში, ადგილობრივი აგრობიზნესის გაძლიერებაში, მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებასა და ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში.
ფესტივალი აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში გაიმართა და მას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უამრავი უცხოელი სტუმარიც ესწრებოდა.