საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. კოდი N2
მიმდინარესაერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. თანადაფინანსება. კოდი N2
ბიზნესში ხარისხის მართვის სისტემა უზრუნველყოფს მომსახურების თანმიმდევრულად მაღალ ხარისხს, პროცესის დარღვევის რისკების თავიდან აცილებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
პროგრამის მეორე კომპონენტის პოტენციური ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები:
პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში/ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი, გარდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისა.
ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების სრულ ამოწურვამდე.
პალატა მეწარმე სუბიექტს (რომელიც ახორციელებს პროდუქციის წარმოებას ან/და გადამუშავებას) დაუფინანსებს HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვის საფასურის 80 %-ს, არა უმეტეს 2000 ლარისა, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ.
ბენეფიციარი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ავსებს დანართი N2 -ის შესაბამისად სააპლიკაციო განაცხადს და დებულებაში მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად აგზავნის ელექტრონული ფორმატით პალატის ელ. ფოსტაზე: info@abkhcci.ge
ბენეფიციარის მიერ დანართის სახით წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან;
დ) ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან;
ე) საჯარო რეესტრიდან საკუთრების/წილის ან იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი საწარმო ობიექტზე (ფართზე), რომელზედაც ბენეფიციარი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და სურს HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვა. აღნიშნული ობიექტი არ უნდა იყოს დატვირთული საგადასახადო ვალდებულებით და მასზე არ უნდა იყოს სამართლებრივი შეზღუდვა. იჯარის შემთხვევაში საწარმოო ობიექტზე (ფართზე) იჯარის მოქმედების დარჩენილი ვადა არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები;
ვ) ISO 22000 ,,სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების“ სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, სერვისის მიმწოდებლის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის პროფესიულ მომზადებას, სურსათის უვნებლობის მართვის სერვისის მიწოდებისა და კონსულტაციის გასაწევად;
ზ) HACCP-ის სისტემის მომსახურების საუკეთესო სერვისის მისაღებად, ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ბაზარზე აღნიშნული სერვისის 3 მიმწოდებლის შეთავაზება და ფინანსური დოკუმენტი (ინვოისი). ბენეფიციარმა HACCP-ის სისტემის მომსახურების მისაღებად, შემოთავაზებული წინადადებებიდან უნდა აირჩიოს ნაკლები ღირებულების მომსახურება.
HACCP-ის საერთაშორისო სისტემის თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ, დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ა) ხელშეკრულება სერვისის მიმწოდებელთან და მიღება-ჩაბარების აქტი (სერვისის მიღების შემდგომ);
ბ) ISO 22000 ,,სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების“ HACCP-ის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის/სერვისის მიმღების მიერ, თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შესახებ დოკუმენტი/სერტიფიკატი;
გ) ანგარიშ ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სერვისის მიღების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) HACCP-ის საკონსულტაციო მომსახურების მიღების შემდგომ, კონკრეტულ ობიექტზე ( საწარმო ობიექტის ფაქტიური მისამართის მითითებით) გაცემული სამოქმედო გეგმა და შესაბამისობის გაუმჯობესების რეკომენდაციები;
ვ) საწარმოს ფოტო/ვიდეო მასალა.
HACCP-ის საერთაშორისო სისტემის თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ დაფინანსების მისაღებად სრული დოკუმენტაციის წარმოდგენის საბოლოო ვადაა მიმდინარე წლის 10 დეკემბერი.
პროგრამის დაფინანსება განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, პალატისათვის მიმდინარე წელს გამოყოფილი სახსრების ნაწილიდან „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის“ პროგრამის განხორციელების მიზნით.
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა და განახორციელოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გადამოწმება.