მიმდინარე სიახლები

ტრენინგი ციფრულ მარკეტინგზე და ონლაინ გაყიდვებზე
03/11/2026

ტრენინგი ციფრულ მარკეტინგზე და ონლაინ გაყიდვებზე

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, დევნილი მეწარმეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ციფრული მარკეტინგი, ონლაინ გაყიდვები და ციფრული კომერციის პლატფორმები – Etsy, Shopify და Meta“. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, რომელმაც სამინისტროს სახელით მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ Etsy, Shopify და Meta პლატფორმების მუშაობის პრინციპებს, მათ შესაძლებლობებს, რეგისტრაციისა და მართვის ძირითად წესებს, პროდუქციის სწორად განთავსების პრინციპებს, გაყიდვებზე მოქმედ ფაქტორებსა და ალგორითმების მუშაობის თავისებურებებს. ასევე განხილული იყო SEO-ის (საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის) საფუძვლები, მისი პრაქტიკული გამოყენების მეთოდები და ონლაინ გაყიდვების წარმატებული მაგალითები.
ტრენინგს უძღვებოდა ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, Etsy-ისა და Shopify-ის პლატფორმების ექსპერტი, „ქისას“ დამფუძნებელი ეკატერინა რამიშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო დევნილი მეწარმეებისთვის ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობების გაცნობა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმის ეფექტიანად გამოყენების პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის პოპულარიზაციას, ფართო ბაზარზე წარდგენასა და გაყიდვების ზრდას.